რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი გავლენას ახდენენ ერევანზე, რათა სომხეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ვაშინგტონი და ბრიუსელი არწმუნებენ სომხეთის ხელმძღვანელობას, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვონ და ნატოსთან თანამშრომლობა დააჩქარონ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გადააკეთონ და აზერბაიჯანთან ყარაბაღელი სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გათვალისწინების გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს „რა დამანგრეველი ფანატიზმით ამუშავებენ ამერიკელები ერევანს“.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი „დამუშავება“ განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის და სახელმწიფო მდივნის მოადგილის იური კიმის ბოლო ვიზიტების დროს.
ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა, ამ მიზნების მისაღწევად, ღირებულებები და ადამიანის უფლებები დაივიწყეს.
მიმდინარე წლის დასაწყისში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აცნობა, რომ ერევანი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ორგანიზაციის სამხედრო წვრთნების ჩატარებას ქვეყანაში.