“ბიჭვინთის ტაძარი ერთგვარ საკონცერტო დარბაზადაა გადაკეთებული, თეატრის სკამებია დადგმული, ლოცვისა და გალობის ნაცვლად, მუსიკა ისმის” – “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”
“ბიჭვინთაში გამაოგნებელ ფაქტს აქვს ადგილი: კერძოდ, X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს, ლოცვისა და გალობის ნაცვლად, მუსიკა ისმის.
ტაძარი ერთგვარ საკონცერტო დარბაზადაა გადაკეთებული”, – ამის შესახებ “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრმა, ანა დუმბაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოძრაობა ტაძარში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია გადაღებული.
დუმბაძის თქმით, ორგანიზაცია აგრძელებს პროექტს – „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აფხაზეთში, ომიდან 30 წლის შემდეგ.“
“ჩვენმა ორგანიზაციამ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა.
ჩვენმა აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეომასალის გადაღება მოახერხეს. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი მიმდინარეობს, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები.
მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე – V-XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი.
ეს უნიკალური ძეგლები ხე- მცენარეებით იფარება. ინგრევა და სასწრაფოდ კონსერვაციას და გამაგრებას საჭიროებს.
მეტიც, ხიდის მძიმე მდგომარეობის გამო, აღარ იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა – “ქრისტე მეუფეო, ადიდე ორთავე მიწასა შინა სუფევით უძლეველი მეფეთ-მეფე ბაგრატი.“
ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი), რომლის შემორჩენილ კედლებს, ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ქვებში ამოსული ხე- მცენარეებიც ანადგურებენ. საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეების სასახლის სახელით ცნობილი ძეგლი დღეს “ჩაჩბას რეზიდენციად” იწოდება (რასაც გალავანზე გაკრული დაფაც მოწმობს).
განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა.
ბიჭვინთაში გამაოგნებელ ფაქტს აქვს ადგილი: კერძოდ, X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვისა და გალობის ნაცვლად, მუსიკა ისმის.
ტაძარი ერთგვარ საკონცერტო დარბაზადაა გადაკეთებული.
ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა.
„მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის,“ ჯერ კიდევ 3 მაისს, საგანგებო წერილით მიმართა “ლურჯი ფარის” საერთაშორისო წარმომადგენლობას და ICOMOS-ს, რა დროსაც, მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოუწოდა მათ, ემოქმედათ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოეჩინათ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები და ჯერ კიდევ არსებული კავშირები მეორე მხარესთან, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად”, – განაცხადა დუმბაძემ.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ომიდან 30 წლის შემდეგ პირველად, “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” სოხუმის მუზეუმში 2023 წლის სექტემბერში გადაღებულ, იქ დაცული უნიკალური ექსპონატების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.
“სხვადასხვა პერიოდის ექსპონატებთან ერთად, მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართველი მეფეების უიშვიათესი ფრესკების ასლები. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთო ისტორიას და ღირებულებებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მეფეების ფრესკების ასლები მუზეუმში შესაბამისი აღწერილობის გარეშეა წარმოდგენილი.
ფოტოებზე ასახულია: გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III ბაგრატიონის ცნობილი ფრესკის ასლი ბედიის მონასტრიდან, ასევე, თამარ მეფისა და, სავარაუდოდ, მეფე დემეტრეს ფრესკების ასლები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თამუნა შეყილაძე