სომხეთი და ყაზახეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) დატოვების შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.
ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა.
შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია მანამდე ინტერნეტში გავრცელდა.
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ყაზახეთი და სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე დღის წინ, კუხო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს და იქ განიხილეს ორგანიზაციის განვითარების შემდგომი გზები, ასევე, როგორი ურთიერთქმედებაა ამ ორგანიზაციაში. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა სმადიაროვმა.
მან ასევე თქვა, რომ სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ყაზახეთის დახმარება არ უთხოვია.