სოფელ ნიქოზში, სტადიონზე, ბავშვს დენმა დაარტყა
შიდა ქართლში, სოფელ ნიქოზში, სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც ადგილობრივი ამბობს, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
“ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო. 12-13 წლის ბავშვია”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მოზარდს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა გონება დაკარგული.
“საღამოთი ბავშვები თამაშობდნენ სტადიონზე. 13 წლის ბავშვი მყავს და სახლში შემოიტანა ამბავი – დენმა დაარტყა ბავშვსო. გარეთა ბოძს ხელი მოჰკიდა, ერთი დაიყვირა და გული წაუვიდაო. მალე მოსულა გონებაზე. სასწრაფო არ დაგვჭირვებია”,- ამბობს ადგილობრივი.
სპორტული მოედანი, სადაც მოზარდს დენმა დაარტყა, სოფელში ახალი მოწყობილია.
კომპანიას, რომელმაც სტადიონი მოაწყო, ობიექტი მერიისთვის ჯერ არ ჩაუბარებია, რადგან ვადა 10 ოქტომბერს იწურება. სტადიონის ჩაბარებამდე, ობიექტი დაკეტილი იყო.
ადგილზე ვითარებას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.