პარლამენტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” და მისი თანმდევ კანონპროექტს „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
როგორც საკითხზე მომხსენებელმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, მესამე მოსმენისთვის კანონპროექტი რედაქციულად გასწორდა და მისი მოქმედების ვადა დაზუსტდა ძირითადი კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში.
წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება 1999 წლის მოქმედი კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან” და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზება.