“ფარცხალაძის საკითხი რომ არ ყოფილიყო გადმოგდებული, დღის წესრიგიც არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, რით უნდა აედუღებინათ სიტუაცია, რომ იქნებ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი” – მამუკა მდინარაძე
“საქართველოში ჩვენი ე.წ. ოპონენტების და სინამდვილეში ომის და ღალატის პარტიის ერთადერთი მაშველი რგოლი არის ხოლმე ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან რაღაც საკითხების მათთვის გადმოგდება, რაც ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ახლა ამ ფარცხალაძის საკითხი რომ არ ყოფილიყო გადმოგდებული, დღის წესრიგიც არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, რით უნდა აედუღებინათ სიტუაცია, რაშიც იგულისხმება, რომ იქნებ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ფარას“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ ლობისტებმა უნდა იზრუნონ სანქცირების თემაზე, ეს აღსრულდა. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვით ადრე ნაცების მიერ შეკვეთილი საკითხი, რაც ასე შეიფუთა და ესეც ვიხილეთ. დღეს ერთ-ერთი ქალბატონი რას მეუბნებოდა იცით? იმას კი არ მეუბნებოდა, როგორ მიბედავ აგენტს რომ მეძახიო, არამედ აბა გაბედე და თქვი, ვისი აგენტი ვარო? მეტი აღიარება და ქვეცნობიერიდან წამოსროლილი ამბავი რა გინდათ?! ეს არის ყველაფერზე პასუხი. თავისი თავი კი არ ანაღვლებს, საკუთარ პატრონს არის ამოფარებული. ამ დროს ჩვენ მართლაც ცოტა არ იყოს გვიჭირს მათი პატრონების დასახელება და ამიტომ კრებსითად მათ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს ვეძახით, რომელთა აგენტურაც საქართველოს პარლამენტშია განთავსებული. გლობალური ომის პარტიის გავლენები იმდენად დიდია, რომ ივანიშვილის 2 მილიარდთან დაკავშირებით სანქციებს უწესებს, მათ უზრუნველყვეს ამ ხალხისთვის მაშველი რგოლის გადაგდება, რომ იქნებ რამენაირად ოქტომბრისთვის სიტუაცია აადუღონ. მათ გარედან აქვთ შეკვეთები და შემკვეთებს სამწუხაროდ აქვთ გარკვეული ძალა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.