არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე უხეში ფორმებით ერევა პოლიტიკაში და ძალადობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს

კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ერევა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ერევა პოლიტიკაში, მით უმეტეს ასეთი უხეში ფორმებით, სადაც ძალადობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია და მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას.

„მისი კოლეგები ძალიან ბევრს აკეთებენ, რათა ის მთლიანად გაანეიტრალონ პარტიაში და ჩამოართვან თანამდებობა, იყოფენ ძალაუფლებას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოცვა, ყოველდღე არაერთი ადამიანი შედის და სრულად აწვდიან ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ნამდვილად მხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია და როგორმე საარჩევნო პროცესისთვის გვერდის ავლით დაიბრუნონ ხელისუფლებაში რაღაც გავლენა.

ეს იყო ასევე ირიბი დადასტურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის, სადაც სამსახური მიუთითებდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის მზადების პროცესში, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოიწვიონ არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. კონკრეტული გამოძიება არის დაწყებული, საუბარია ძალადობრივ სცენარებზე, ესეც პრინციპში სააკაშვილმა, ვაშაძემ გუშინ დაადასტურეს და მოუწოდეს მოქალაქეებს იარაღის ხელში აღებისკენაც, რაც პირდაპირ ძალადობრივი გზავნილია.

კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ერევა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ერევა პოლიტიკაში, მით უმეტეს ასეთი უხეში ფორმებით, სადაც ძალადობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაშია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა: „ხალხი უნდა იყოს მუდმივად პროტესტში, უნდა ვიყოთ ქუჩაში, თუ სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მთავრობის გადადგომა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები