ნატოში რუსეთის შესაძლო შეტევისთვის ემზადებიან

 ნატოში რუსეთის შესაძლო შეტევისთვის ემზადებიან. ალიანსის წევრ-ქვეყნებს გეგმა აქვთ დამუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მათზე თავდასხმის განხორციელებას გადაწყვეტს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ განაცხადა, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. „რუმინეთს საჭიროების შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა გააჩნია“, – განაცხადა ბესესკუმ. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა ნატოს სამიტამდე ასევე თურქეთს, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს უკვე ჰქონდათ. „რუმინეთს და ბულგარეთს ასეთი გეგმა არ ჰქონდათ, რადგან, ითვლებოდა, რომ ეს ქვეყნები რისკის ზონის გარეთ იმყოფებიან“. ბესესკუმ აღნიშნა, რომ სამიტის შემდეგ შეიცვალა ის, რომ ასეთი გეგმა ახლა რუმინეთსაც აქვს.
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, გეგმაში იერიშის სცენარი ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან განიხილება. „99,9 % ეს არ მოხდება, თუმცა არსებობს 0,01 % შანსი და როგორც, სახელმწიფოს პირველი პირი, მე არ მაქვს უფლება არ გავითვალისწინო ეს უსაფრთხოების კრიზისი რეგიონში“, – აღნიშნა ბესესკუმ.
იერიშის გეგმის არსებობის არგუმენტი, რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, – შავი ზღვის გარშემო გაყინული კონფლიქტების ჯაჭვია, – აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, ყირიმი. „ყველა ეს კონფლიქტი რუსეთის კონტროლის ქვეშაა და შეიძლება გააქტიურდეს თითო-თითო ან ერთიანად ყველა. ამან შესაძლოა რუმინეთისთვის ძალზედ ნეგატიური შედეგების მომტანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ბესესკუმ შეგვახსენა, რომ სევასტოპოლში, რომელიც რუსეთმა მარტში დაიპყრო, კრემლის საბრძოლო გემები დგას. ეს გემები რუმინული სანაპიროდან მხოლოდ 160 საზღვაო მილის მოშორებითაა განლაგებული და საჭიროების შემთხვევაში რუმინულ სანაპიროს ექვსი საათის განმავლობაში მიუახლოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები