კახა ბექაური: მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროგრამა მიმდინარეობს
პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სხვა საკითხებთან ერთად, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის – „Log-in Georgia“-ს ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა.
მისი თქმით, პროგრამა მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
სიტყვით გამოსვლისას, თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ComCom-ის მხარდაჭერით, „ოუფენ ნეტმა“ ქობულეთში 50 კმ-მდე ოპტიკური ქსელი მოაწყო. 140 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აშენდა წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზეც, ხოლო, სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით, რაც 68 000 მოქალაქისთვის, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობასა დ 570 კმ-იან ინფრასტრუქტურას გულისხმობს.
2022 წლის პროექტების მიმოხილვისას, კახა ბექაურმა ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზეც“ ისაუბრა, რომელიც მოსახლეობაში ინტერნეტით სარგებლობის წახალისებას ემსახურება.
„ინტერნეტიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, კომისიამ გასულ წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 თემატური სემინარი ჩატარდა და 350 ბენეფიციარი ციფრული სერვისების გამოყენებაში გადამზადდა“, – განაცხადა თავმჯდომარემ.