“ევროკავშირი მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს” – პიტერ სტანო ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მხარეებს ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისა და დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის ფონზე Armenpress-ს ექსკლუზიურ კომენტარში უთხრა.
„ძალიან ყურადღებით ვაფასებთ სიტუაციას და ვაკვირდებით მოვლენებს ადგილზე. ევროკავშირი ყოველთვის იყო ძალიან თანმიმდევრული, როდესაც საქმე ეხება ჩვენს პოზიციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ცალმხრივ ნაბიჯებს, მოვუწოდებთ მხარეებს ნებისმიერი საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებისკენ, რომელსაც აინიცირებს და ახორციელებს ევროკავშირი”, – თქვა მან.
სტანომ დასძინა, რომ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოსეფ ბორელიც გააკეთებს.