“ყარაბაღში აზერბაიჯანის ოპერაციის შესახებ მოსკოვი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა” – ზახაროვა
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ ოპერაცია დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, ასევე, ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღებისა და გაყვანის, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მწყობრიდან გამოყვანა, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები სამიზნე არ არის.
თავის მხრივ, ერევანმა უარყო, რომ მთიან ყარაბაღში არის სომხეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა ან სამხედრო ტექნიკა.
ბაქომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციის შესახებ აცნობეს რუსი სამშვიდობოების სარდლობას და თურქულ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობას.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანისგან იღებენ.
ამასთან, მან ხაზგასმით თქვა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაქომ მოსკოვი ოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ზახაროვას თქმით, ასეთი ინფორმაცია საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს.