კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოსეფ ბორელმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრთა შეხვედრის ერთ-ერთი პუნქტი არის – უკრაინის წინაშე მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებები რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში.
„მაგიდაზე რამდენიმე წინადადება დავდე, რომელთა განხილვასაც მინისტრები გააგრძელებენ, ასევე, იმ შეხვედრის მომზადებისთვის, რომელიც კიევში უახლოეს კვირებში გაიმართება“, – თქვა ბორელმა.
მანამდე, აღნიშნული ინფორმაცია სამ წყაროზე დაყრდნობით იტალიურმა ANSA-მ გაავრცელა.
აღინიშნებოდა, რომ შეხვედრის მიზანი არის „პოლიტიკური ინტეგრაციის“ გზის გაგრძელება, ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის კრიტიკულ ეტაპზე.
ბრიუსელს ასევე სურს, შეაფასოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორებიცაა სამხედრო დახმარების გაზრდა და სანქციების შემდგომი გამკაცრება.