გაეროს 78-ე სესია – ნიუ-იორკში მაღალი დონის კვირეული გაიხსნა
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მაღალი დონის კვირეული იხსნება.
ღონისძიება აერთიანებს სახელმწიფოს მეთაურებს, პრემიერმინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
კვირეული გაგრძელდება 19-დან 23 სექტემბრამდე და 26 სექტემბერს.
მაღალი დონის კვირა გაიხსნება გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის თავმჯდომარის, დენის ფრენსისისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის გამოსვლებით, როგორც ზოგადი პოლიტიკური დებატების ნაწილი.
შემდეგ, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სიტყვით გამოვა ბრაზილიის პრეზიდენტი – ლუის ინასიო ლულა და სილვა, შემდეგი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი.
19 სექტემბერს ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა.
პირველ დღეს ასევე მოსალოდნელია, რომ სიტყვით გამოვლენ ირანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი, ხოლო ჩინეთის ვიცეპრეზიდენტ ჰან ჟენგის, რომელიც ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, 21 სექტემბერს.
უკრაინის ომი მაღალი დონის კვირეულის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. მოსალოდნელია, რომ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გამოსვლებში ამ თემას ბევრი ლიდერი შეეხება.
უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ასევე, გაიმართება რამდენიმე ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. მათი მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, მარცვლეულის გარიგების აღდგენაზეც იმსჯელებენ.
მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.
ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.
ღარიბაშვილი სესიის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერი გაეროს გენმდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა; გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს – დერეკ შოლეს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ასევე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვდა.
პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტში, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში – „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად” − მიიღო მონაწილეობა.