გოცირიძე: მოსულელო იმიჯის ქართველები КВН-ზე პოლიტიკური მანიპულირებისთვის გამოიყენეს
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე КВН-ში ქართველების გამარჯვებას ეხმაურება. გოცირიძისთის გაუგებარია, რატომ გაამარჯვებინეს „უნიჭო ქართულ იუმორს“.
“რატომ გაამარჯვებინეს უნიჭო ქართულ იუმორს რუსულ КВН-ში? მოსულელო მექალთანეების იმიჯით წარმოდგენილი ქართველები პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყვნენ გამოყენებული მთელი კონკურსის მსვლელობისას. წინაზე უკვდავ ერთადყოფნაზე ამღერეს. ახლაც ორი პუტინისტი გმირი ჰყავდა ამ წარმოდგენას: დარბაზში მსხვილ პლანში ბევრჯერ ნაჩვენები ავადცნობილი ვინმე ხუბუტია (სპონსორი) და სცენაზე არანაკლები მძრომიალე, უკრაინის ანექსიის გამამართლებელი სოსო პავლიაშვილი. აბა თავის შანსს როგორ გაუშვებდა ხელიდან. “ერთი მოგცლიათ ამ სანქცია-მანქციებითო. დიდ რუსეთს რას დააკლებს სანქციებიო”! გაიმარჯვებდნენ, აბა რა იქნებოდა!“ – წერს გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში КВН-ის პრემიერ-ლიგის ფინალი გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ექვსი გუნდი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ქართველებს სცენაზე სამჯერ მოუწიათ გამოსვლა, აქედან ორ ნომერში ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურეს. მესამე ნომრის შესრულებისას სცენაზე მომღერალი სოსო პავლიაშვილიც გამოვიდა, რომელმაც ბიჭებთან ერთად იმღერა. საბოლოოდ, 30 ქულით, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში ადგილი გაიმყარა.