საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების ახლებური წესით არჩევის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იმსჯელა.
მომხსენებელმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები პასუხობს იმ მოწოდებას და გამოხმაურებას, რომელიც ევროკომისარმა ბრიუსელში შუალედურ ანგარიშში წარადგინა.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და როგორც „საარჩევნო კოდექსში”, ისე მისგან გამომდინარე პარლამენტის რეგლამენტში დავაინიცირეთ ახალი ცვლილებები, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კერძოდ, ამ თანამდებობებზე 5 წლის ვადით ასარჩევად ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 76 ხმისა, საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა საერთო შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში კი თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს 3/5 -ის მხარდაჭერას, საკითხი დადგება კენჭისყრაზე და საერთო შემადგენლობის უმრავლესობას შეეძლება აირჩიოს ის. ხოლო, თუ 76 ხმა ვერ მოგროვდება, მომდევნო სხდომაზე კვლავ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, სადაც შესაძლებელი იქნება 76 ხმით მოიპოვოს კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა. ხოლო თუკი კვლავ ვერ მოხდება საჭირო ხმების კონსოლიდირება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ამ შემთხვევაში ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი იქნება ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, კონკურსში მონაწილე პირებიდან თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნავს ცესკოს თავმჯდომარეს ან წევრს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებების მიღებით, საბოლოო ჯამში „საარჩევნო კოდექსთან” მიმართებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.