იტალიაში 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემით, ეპიცენტრი ტოსკანის პატარა ქალაქ მარადის მახლობლად, 8 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები ტოსკანისა და ემილია-რომანიას რეგიონების მრავალი დასახლების მაცხოვრებლებმა იგრძნეს. მარადის მერმა, ტომასო ტრიბერტიმ თქვა, რომ ქალაქი პანიკამ მოიცვა.
მისი თქმით, ქალაქის რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსგავსი ვითარება მოხდა ქალაქ ტრედოციოში (ემილია-რომანია), სადაც დაზიანდა მუნიციპალური შენობა.
ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტმა, ევგენიო ჯიანმა განაცხადა, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისი თქმით, მიწისძვრის ზონაში სკოლები დახურეს.