ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ჰამბარცუმ ბაბოიანი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ, პედაგოგებს და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს, ასევე პირველკლასელებს მერიისგან საჩუქრად, სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები გადასცეს.

განსაკუთრებული საზეიმო განწყობა იყო სოფელ ღრელსა და ჭვინთაში, ახლადაშენებულ და რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებში. სოფელ ღრელში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო სკოლა გაიხსნა, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა სკოლის ახალი შენობა, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სოფელ ჭვინთაში კი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა შენობის შიდა ინტერიერი და გარე ფასადი.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მერიის საჩუქარი 564-მა პირველკლასელმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები