შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: თავს სასაცილოდ გაიხდიან კიდევ ერთხელ, ვინაიდან პრემიერის იმპიჩმენტის იდეას ფურცელზეც კი ვერ გადაიტანენ
ვფიქრობ, ოპოზიციაში ვისაც ამ მხრივ ჭკუა მოეკითხება, ისინი ხვდებიან კიდეც, რომ საბოლოო ჯამში, თავს სასაცილოდ გაიხდიან კიდევ ერთხელ, ვინაიდან ისინი ამ იდეას ფურცელზეც კი ვერ გადაიტანენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. კითხვა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის შესახებ „ლელოს“ ინიციატივას ეხებოდა.
„მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, 50 ხმას შეაგროვებენ თუ ვერ შეაგროვებენ, ისეთ აბსურდულ საკითხებზე დგებიან ერთად ოპოზიციაში, რომ აქაც არ არის რთული 50 ხელმოწერის შეგროვება. პრობლემა ისაა, რომ ისინი ამ იმპიჩმენტის მოთხოვნას ფურცელზე ვერ გადაიტანენ, სამართლებრივად ვერ დაასაბუთებენ. ეს არის იმპულსური მოქმედება, რაც ახასიათებს ოპოზიციას, რაც მათი მთავარი პრობლემაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც პარტია „ლელომ“ პრემიერის იმპიჩმენტის ინიციატივა წამოაყენა.