“ჩვენ ვემზადებით პროგრესისთვის, ევროპულ გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმისთვის” – მამუკა მდინარაძე
“ჩვენ ვემზადებით პროგრესისთვის, ევროპულ გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმისთვის. ეს ჩვენ სუბიექტურადაც გვაწყობს და ამ ქვეყნის რეალური სიყვარულიდანაც გამომდინარეობს. ისე კი არა, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ ისვრიან, რეალური სიყვარულიდან“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი. თუ სუბიექტური და არასამართლიანი იქნება კვლავ, ამასაც თამამად ვიტყვით და არ მოვერიდებით ამის თქმას. ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონები რას ელოდებიან და რისთვის ემზადებიან? ახლა ოქტომბრისთვის ემზადებიან, წინასწარ გეტყვით, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომ რაღაცნაირად დაადუღონ, თუკი ევროკომისიაში ისეთი დასკვნა არ დაიდო, როგორიც ამ ქვეყანას ეკუთვნის. თუ ასეთი დასკვნა არ დაიდო, ისინი კვლავ რევოლუციისთვის, ადუღებისთვის ემზადებიან.
ამზადებენ თავიანთ წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს რომ ეძახიან და არჩევენ ადამიანებს, რომლებიც რადიკალურ მოქმედებებზე იქნებიან წამსვლელები და მერე ჩვენი განათლებული, ძალიან პროგრესული ახალგაზრდების სახელით ლაპარაკობენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ კლასტერს მიეკუთვნებიან და გადარიცხვების ფურცლებს შეშინებულები ვერ აქვეყნებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.