“ვინ რაც უნდა თქვას, ფხენიანთან ურთიერთობის აშენებას გავაგრძელებთ და ამას სანქციები ხელს ვერ შეუშლის” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი, გარედან ყოველგვარი კრიტიკისა და კომენტარების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის აშენებას გააგრძელებს ორმხრივად სასარგებლო საფუძველზე.
ამის შესახებ მან ტელეარხ „როსიასთან” საუბარში თქვა.
„სიმართლე, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ახლო მეზობელია. გარედან ნებისმიერი „კომენტარისა“ თუ „კრიტიკის“ მიუხედავად, ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობას ავაშენებთ ისე, როგორც ჩვენთვის და ჩვენი მეზობლებისთვის იქნება სასარგებლო”,- თქვა მან.
რაც შეეხება სანქციების ქვეშ მყოფ ფხენიანთან თანამშრომლობას, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროში საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ ეს არ შეიძლება, არ უნდა იყოს და არ იქნება დაბრკოლება რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების განვითარებისთვის.
“რუსეთი ინარჩუნებს თავის პოზიციას გაეროში, უშიშროების საბჭოში. მაგრამ ეს არ შეიძლება, არ უნდა იყოს და არ იქნება დაბრკოლება რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის”, – თქვა მან.
კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დასრულდა და ახლა ერთმანეთს პირისპირ ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ხვდებიან.