“ყველა საკითხზე ვისაუბრებთ” – პუტინი კიმთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ფხენიანს კოსმოსური თანამგზავრების აშენებაში დაეხმარება.

კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე”, სადაც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, პუტინს შესაბამისი შინაარსის კითხვა დაუსვეს, რაზეც მან თქვა, “სწორედ ამიტომ მოვედით აქ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი კოსმოსის განვითარებას ცდილობენ”.

პუტინს ასევე ჰკითხეს, განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.

“ყველა საკითხზე ნელ-ნელა ვისაუბრებთ. დრო არის”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ფხენიანში სერგეი შოიგუ იმყოფებოდა, რომელსაც კარგად უმასპინძლეს.

კრემლის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ამაყობს იმით, თუ როგორ ვითარდება რუსეთში კოსმოსური ინდუსტრია.

„ძვირფასო ბატონო თავმჯდომარევ, მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ და გმასპინძლობთ რუსეთში. ამჯერად, როგორც შევთანხმდით, ჩვენს კოსმოდრომზე, “ვოსტოჩნის” კოსმოდრომზე. ჩვენ ვამაყობთ, თუ როგორ ვითარდება ეს ინდუსტრია აქ. ეს არის ჩვენი ახალი ობიექტი“, – განაცხადა პუტინმა.

კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე პუტინმა კოლეგას შესთავაზა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვა და საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები