რუსუდან ხიზანიშვილის ექსპოზიცია სეულის გამოფენების ტოპ-ხუთეულში დაასახელეს

სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ კორეის დედაქალაქი სახვითი ხელოვნების ბუმმა მოიცვა. აქ ერთდროულად მომდინარეობდა უზარმაზარი საერთაშორისო არტ ბაზრობები – Frieze Art და Kiaf, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე გალერეა იყო ჩართული. Kiaf-ზე ქართველ მხატვარს, რუსუდან ხიზანიშვილს გერმანული Kornfeld Gallerie და კორეული Seojung Art-ი წარმოადგენდა. ამის პარალელურად სეულის Seojung Art-ის დარბაზებში 6 სექტემბერს გაიხსნა რუსუდანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით Velvet Armour, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ქართველი არტისტის ნამუშევრებმა, როგორც არტ ბაზრობაზე, ასევე პერსონალურ ექსპოზიციაზე, დამთვალიერებლის მზარდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა. ეს, უპირველესად, გამოიხატა იმით, რომ ამ ნამუშევრების უმეტესობას უმალ გამოუჩნდა შეძენის მსურველი. პერსონალური გამოფენა კი სახელოვნებო პორტალმა Whitewall-მა სეულში აუცილებელ სანახავ ექსპოზიციათა ტოპ ხუთეულში დაასახელა.
რუსუდან ხიზანიშვილი უკვე სამი წელია, რაც გერმანული „კორნფელდ გალერეის” არტისტია, მაგრამ შარშან სეულისა და ბუსანის გამოფენების შემდეგ „სეოჯუნგ არტ” გალერეასთან საქმიანი თანამშრომლობაც დაიწყო და სწორედ ამის შედეგად შედგა წინამდებარე გამოფენა „ხავერდის აბჯარი”, რომელსაც გალერეის მხრიდან იმდენად საინტერესო წინასწარი წარდგენა უძღოდა წინ, რომ გახსნის საღამოს მასზე მოსახვედრად ცოცხალი რიგი გაიმართა, მნახველები აქ კარგა ხნით ადრე შეიკრიბნენ და მოთმინებით უცდიდნენ თავიანთ რიგს გამოფენაზე შესასვლელად.
Seojung Art მართალია არსებობის სულ რვა წელს ითვლის, მაგრამ ძალიან მალე მოიპოვა აღიარება. აქ წამყვან კორეელ მხატვრებთან ერთად იფინებიან საყოველთაოდ ცნობილი სახელებიც: ალექს კეთზი, ჯეფ კუნი, იოიოი კუსამა, ანნა მემბრინო, რიჩარდ პრინცი.
რუსუდან ხიზანიშვილმა ოცამდე ახალი ფერტილო შექმნა სეულის გამოფენისთვის, საერთო სათაურით: „ხავერდის აბჯარი”, რაც ძალიან ზუსტად გამოხატავს არტისტის დამოკიდებულებას ადამიანის თანამედროვე არსებობასთან, სადაც ყოველი დღე გულისხმობს ბრძოლას და გადარჩენას. მართლაც, დასაცავი და გადასარჩენია ბევრი ღირებულება: ენები, ქვეყნები, ბუნება. მაგრამ უპირველესი მაინც ადამიანის სულია, რომელსაც ამდენი დარბევისა და შევიწროების ატანა უწევს. ადამიანის სულს ხავერდივით რბილი და სათუთი გარემო სჭირდება სრულად გასაშლელად, მაგრამ მას ცხოვრება გამკაცრებულ გარემოში უწევს, სადაც ის ლითონის სიცივეს და სიუხეშეს აწყდება. და თუ დამცავი საჭურვლით არ შემოსა სული, მაშინ იგი დასამცირებლად, დასაჩაგრად და გასაცამტვერებლად არის განწირული.
რუსუდან ხიზანიშვილი მოაზროვნე არტისტია და მისი ფერწერა გულგრილი ვერ დარჩება ამგვარად გამკაცრებული და გაუხეშებული ყოფნის მიმართ.
ჯაჭვის პერანგი შესანიშნავი მეტაფორაა, რომელიც მართლაც მოსავთ ხიზანიშვილის პერსონაჟებს. ეს არის ვიზუალურად უაღრესად შთამბეჭდავი და აზრობრივად გამართული მხატვრული მიგნება, რომელიც მნახველში ადეკვატურ გამოძახილს პოულობს.
რუსუდან ხიზანიშვილი თავის მხატვრულ ენას სულ უფრო ხვეწავს, ამდიდრებს და ავითარებს. იგი გამოფენიდან გამოფენამდე იზრდება და კიდევ უფრო საყურადღებო არტისტი ხდება. მის შთაგონებას და ულევ ძიებებს მყარ საფუძველს უქმნის ქართული და მსოფლიო სახელოვნებო მიღწევები. მხატვრობის, პოეზიის, კინემატოგრაფიის მიღწევები მას ეხმარება შექმნას სრულიად დამოუკიდებელი არტისტული სინამდვილე, ის არც ციტირებას ახდენს და ამას ვერც მიბაძვას დაარქმევ. მასში ორგანულად არსებობს ეს გამოცდილება და კულტურა.
გალაკტიონი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, ფარაჯანოვი ძალზე ახლობელია მისთვის. მათი არსებობა თანამედროვე მხატვარს უქმნის მყარ საფუძველს, რომ იყოს უფრო თამამი და ახალი სააზროვნო თუ ესთეტიკური სივრცეებიც გააჩინოს.
ერთ ვიდეოჩანაწერში რუსუდან ხიზანიშვილი ამბობს, რომ სიზმრებსაც კი ფერადს ხედავს. აქ უმალ მახსენდება გალაკტიონის ეს სიტყვებიც: „მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს”, რაც რუსუდანმაც თამამად შეიძლება გაიმეოროს. აბა, შეხედეთ მის „მძინარე ევროპას”, მართლაც საოცარი მიგნებებით გაჯერებულ სურათს. ვის უნახავს ან ვინ წარმოიდგენს ჭარხლისფერ ნიანგს? ასე მხოლოდ რუსუდანმა დაინახა. ეს სურათი მხოლოდ ფერწერული სიმამაცით როდი გამოირჩევა, იგი სრულიად ახალ პლასტს და წახნაგს კვეთავს გლობალურ პოლიტიკასთან მიმართებაში. აქამდე ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა პოლიტიკისა და ფერწერის ამგვარად დაკავშირება, მაგრამ ამ სურათით ის გვარწმუნებს, რომ ხანდახან წარმოუდგენელიც შესაძლებელი ხდება!
ეს განგაშის მაუწყებელი ზმანებაა, რადგან ამიერიდან ევროპის ძილი როგორ შეიძლება იყოს მშვიდი, როცა ჭარხლისფერი ნიანგი ხელის გაწვდენაზე მოჩანს?!
„აბჯარი”, „შავი ცხენის წყალი”, „წყლის შროშანები”, „წონასწორობა”, „ნიჟარა”, „ხოხბების ფერმა”, „ხმები” – ბრწყინვალე სურათებია, რომლებიც მოწმობს მხატვრის უშრეტ ფანტაზიას, ახლის მაუწყებელს მის ფერწერაში. რუსუდან ხიზანიშვილმა აღმოსავლეთი და დასავლეთი არა მარტო გამოფენების გეოგრაფიით დააკავშირა ერთმანეთს, არამედ აღმოსავლეთის და დასავლეთის ფერწერული სკოლების უნატიფეს სინთეზსაც გვთავაზობს. რადიარდ კიპლინგი კი ამბობდა: „აღმოსავლეთი არასოდეს შეხვდება დასავლეთსო”, მაგრამ თავისი ფერწერით უნიჭიერესმა ქართველმა არტისტმა რუსუდან ხიზანიშვილმა შეძლო ამ მითის გაბათილება. შეხედეთ მზით და სიცოცხლით სავსე მის ტილოებს და უმალ ირწმუნებთ, ეს თქმულება მან ხილულ რეალობად როგორ გადააქცია.

                                               გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები