32-ე სართულიდან ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად სტამბოლში 10 მუშა გარდაიცვალა
სტამბოლში, რაიონ შიშლის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ცენტრის „TORUNLAR“-ის სამშენებლო მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად 10 მუშა გარდაიცვალა, – ამ ინფორმაციას თურქული გაზეთი „HURRIYET“-ი ავრცელებს. სახლში გასამგზავრებლად მორიგეობის შემდეგ მუშები 32-ე სართულიდან ლიფტით დაშვებას აპირებდნენ, რა დროსაც დაზიანებული ლიფტი პირველ სართულზე ჩავარდა.
სტამბოლის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი მუტლუს განცხადებით, უკვე დაკავებულია სამშენებლო კომპანიის რვა წარმომადგენელი. გაზეთის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 15 დღის წინ იყო ცნობილი, რომ ლიფტი დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა. სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ დღეს დილით ძალის გამოყენებით დაშალა სამშენებლო მოედანზე შეკრებილი მუშების დემონსტრაცია, პროფკავშირებმა კი ქალაქში მასობრივი აქცია დაანონსეს.