“რუსეთისთვის სანქციების შესუსტება კრემლის მხრიდან ახალ შანტაჟს გამოიწვევს” – უკრაინის საგარეო უწყება რუსეთთან გაეროს საიდუმლო მოლაპარაკებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ გაერო რუსეთის ხელისუფლებასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენაზეყ მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა, რუსეთისთვის სანქციების შესუსტება კრემლის მხრიდან ახალ შანტაჟს გამოიწვევს.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ რუსეთი დააბრუნოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და არ გაუძლიეროს დაუსჯელობის განცდა და არ წაახალისოს ახალი აგრესია დათმობების შეთავაზებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლენკომ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე, კერძოდ, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, როგორც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, ასევე, შავი ზღვის ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით და სახმელეთო გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები