გაერო რუსეთს “მარცვლეულის შეთანხმებაში” დაბრუნებას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ სთავაზობს – რა წერია გუტერეშის მიერ ლავროვისადმი გაგზავნილ წერილში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის ხელისუფლებასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებაზე მოლაპარაკებას მოსკოვისთვის სანქციების დათმობის სანაცვლოდ აწარმოებს.

ამის შესახებ Bild-ი წერს, რომელმაც გუტერეშის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისადმი გაგზავნილ წერილთან წვდომა მოიპოვა.

წერილში გუტერეში ლავროვს სთავაზობს გაეროსა და რუსეთის ფედერაციას შორის ოთხპუნქტიანი შეთანხმების დადებას, რომელსაც „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა უნდა მოჰყვეს.

“ოთხივე პუნქტი მნიშვნელოვანია, რადგან მათი განხორციელება შეასრულებს ვლადიმერ პუტინის ტერორისტული რეჟიმის ყველა მოთხოვნას და დააჯილდოებს მას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის“, – აღნიშნავს Bild.

მასალის მიხედვით, პირველ პუნქტში გუტერეში სთავაზობს “როსელხოზბანკის” წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაუქმებას, რაც მას საშუალებას მისცემს, გვერდი აუაროს SWIFT-დან გათიშვასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

კერძოდ, გაეროს ხელმძღვანელმა შესთავაზა, იყოს გამოყენებული სანქცირებული რუსული ბანკის სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია, სახელწოდებით RSHB Capital S.A სანქციების გვერდის ავლით.

ევროკომისიის პრესსამსახურზე მითითებით, გამოცემა იტყობინება, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ გაეროს მეშვეობით გამოთქვა მზადყოფნა, „როსსელხოზბანკის” შვილობილი კომპანიის შექმნის გზით ეპოვა კონსტრუქციული გადაწყვეტა“.

Bild-ის თანახმად, მეორე პუნქტში გუტერეში სთავაზობს რუსეთის სატვირთო გემების შავ და აზოვის ზღვებში გადაადგილებისას უკრაინის თავდასხმებისგან დაზღვევას, რისთვისაც რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტისთვის გაეროს მიერ დაფინანსებულმა სადაზღვევო კომპანიამ 4-6 კვირის განმავლობაში შესაძლოა, მუშაობა კომპანია Lloyd’s-თან დაიწყოს.

მესამე პუნქტში გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის ხელისუფლებას დახმარებას ჰპირდება ევროპული სანქციების შედეგად გაყინული აქტივების დაბრუნებაში. როგორც მის წერილშია ნათქვამი: „რუსულმა სასუქის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა მიმართონ ევროკავშირის შესაბამის ეროვნულ ორგანოებს შესაბამისი გამონაკლისების გათვალისწინებით“.

მეოთხე პუნქტის მიხედვით, რუსულ გემებს, რომლებსაც საკვები და სასუქი გადააქვთ, უნდა მიეცეთ უფლება ევროკავშირის პორტებში ჩასასვლელად, რისთვისაც გაერო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკომისიასა და ცალკეულ საპორტო ორგანოებთან გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები