„გადარჩენა მზის ჩასვლამდე“ – ლიზა კვანტალიანის პირველი სოლო გამოფენა გაიმართება
9 სექტემბერს, 19:00 საათზე, ლიზა კვანტალიანის პირველი სოლო გამოფენა -„გადარჩენა მზის ჩასვლამდე“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ახალგაზრდა ხელოვანის ექსპერიმენტულად შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს წარმოადგენს.
„2022-2023 წლებში შესრულებული ბოლო პერიოდის სერია ხელოვანის მხატვრული ძიების ახალი ეტაპია. ცნობიერისა და ქვეცნობიერის შეპირისპირებაში ლიზა კვანტალიანი მაკრო და მიკრო სამყაროებს ამთლიანებს. ამგვარ ფრაგმენტულ „ანასხლეტებში“ დაძაბულობა დაბადებასა და სიკვდილს, ყოველდღიურობასა და წარმოსახვითობას შორის წარმოქმნილ დინამიკურ, ვიბრირებად ველს ააშკარავებს.
გამოფენა გარემოზე დაკვირვებით სამყაროში მიმდინარე განახლებად ციკლურ პროცესსა და შეგრძნებების გარდაქმნად მდგომარეობებს ეხმიანება.
იუნგისეული არქეტიპური (ტოტემური) დაუნაწევრებელი აზროვნება და თანამედროვეობის არაბინარულ ღია ზედაპირებში მოტივტივე მდგომარეობები იდენტობის, შეგრძნებების, შეცნობის ზღვარზემყოფ განზომილებაში ახვედრებენ მნახველს. საგნობრივი შეხების, სხეულისმიერი შეგრძნების მოულოდნელი იმპულსი დროის და სივრცის დომინანტურ პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხელოვანი ირეალურის ავტონომიაში აბსტრაქტული აზროვნების ზღვარზე ფერის თამამი ექსპრესიულობითა და სხეულის გამათავისუფლებელი დინამიკით „განახლებულ მზერას” აგებებს სამყაროს და ამოუცნობი, საიდუმლოებებით სავსე, უცხო ლანდშაფტებისკენ გვიზიდავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კურატორი: მარიამ შერგელაშვილი. გამოფენის მხარდამჭერია გალერეა CH64.
გამოფენის გახსნაზე 21:00-იდან იქნება Fotgjengeren-ის ექსპერიმენტული მუსიკის პირდაპირი ჩართვა.
ნახვის საათები: 16:00-20:00 ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 20 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: „არტარეა“, დოდო აბაშიძის ქ. №10.