ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კულმინაციას მიაღწია
აზერბაიჯანი აგრძელებს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას და ჰუმანიტარულმა კრიზისმა მთიან ყარაბაღში კულმინაციას მიაღწია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ ამ ქმედებებით აზერბაიჯანი ავლენს თავის განზრახვას, მოახდინოს ახალი სამხედრო პროვოკაცია მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ვრცელდება ყალბი და არასწორი ნარატივები, რათა გაამართლონ ასეთი პროვოკაცია“, – აღნიშნა ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხრიდან სერიოზული ზომების მიღებას მოითხოვს, რათა სამხრეთ კავკასიაში ახალი აფეთქება თავიდან იქნეს აცილებული.
„ამავდროულად, მე ხაზს ვუსვამ სომხეთის რესპუბლიკის ერთგულებას 2021 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წელს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებების მიმართ, ასევე 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მნიშვნელოვანია ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგი მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში და ლაჩინის დერეფნის განბლოკვა საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლისა და 6 ივლისის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამ ყველაფრის საფუძველზე სომხეთის რესპუბლიკა მზადაა და სურს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას მშვიდობისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ და ჩვენ გამოვხატავთ ერთგულებას სამშვიდობო დღის წესრიგის მიმართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.