საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორელს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით შესაძლებლობა ექნება, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. გარდა ამისა, ის ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. ამასთან, ის გამოიყენებს შესაძლებლობას და შეხვდება პარლამენტში დამსწრე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელსა და დისკუსიას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრესრელიზში.