ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე დასრულდება და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება.
როგორც მან უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტი დასკვნის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
„განვიხილეთ იმპიჩმენტის საკითხი. აქტუალურია ეს თემა და საზოგადოებასაც აინტერესებს გარკვეული დეტალები. ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.