პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ექვსი თვის ანგარიში, რომელიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ევროპელ კოლეგებს უახლოეს მომავალში წარედგინება.
სხდომის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. კომისიის ფარგლებში ისაუბრეს დეოლიგარქიზაციის საკითხის სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება. გადაწყდა, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რაც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნებთან და ევროკავშირის მოთხოვნებთან. აღინიშნა, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას კიდევ უფრო სრულყოფს და ევროკავშირის ანგარიშის მომზადებამდე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სრულყოფილად წარმოაჩენს.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.