ბექა ოდიშარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი – ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.
„ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი დელეგაცია გვესტუმრა პარლამენტში, მათ შორის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცნიერი იაკობ ოფირი – ეფრემაშვილი, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელი, რომელიც აქტიურად მუშაობს ოკუპანტი რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართველთა და აფხაზთა კონფლიქტის დარეგულირებისა და აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენ გავეცანით მის ნაშრომს, „საქართველოს ებრაელთა ისტორია საარქივო მასალების მიხედვით”, რომელიც უნიკალურ საარქივო მასალებს მოიცავს, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო”. წიგნში, მკითხველი ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს და მოვლენას ამოიკითხავს”, – განცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.