“არ ვიცით, უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს” – უკრაინის საგარეო უწყება ორბანს პასუხობს

არ ვიცით, უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ თქვა.

“რეალურად, უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია, არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერმინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით იქ, უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით და არც საკუთარი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს და მსოფლიოც არ ივაჭრებს,” – წერს ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება, “მიუხედავად იმისა, თუ რა ადვოკატებს ჩართავს, გარდაუვალად აგებს პასუხს ყველა ბოროტებისთვის, რაც უკრაინელებს მოუტანა.”

ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გააფორმოს, რომელიც არ მოიცავს არც ყირიმის დაბრუნებას, არც ნატოში უკრაინის წევრობას. უნგრეთის პრემიერმინისტრს ასევე მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები