გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილის ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ
“სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს, ეს უკვე დადგინდა და თავად აღიარა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.
„ეს არის ანი-ბანი, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, მაგრამ ამას მიზანმიმართულად აკეთებს. სამწუხაროდ, არ ზის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დღის წესრიგში, მისი ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ. კარგად ვიცით, მის ვიზიტს რა მიზანი აქვს. მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. ამიტომ იყო მოწოდებები ხელისუფლების უკანონო შეცვლაზე. იმედია, ამის შემდეგი პრეზიდენტი საქართველოს დღის წესრიგში ჩაჯდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.