ობამა: კუბას წინააღმდეგ სავაჭრო სანქციები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება
აშშ-ს სავაჭრო სანქციები კუბას მიმართ კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო. ეკონომიკური სანქციები კუბას წინააღმდეგ მტერთან ვაჭრობის შესახებ 1917 წლის კანონის საფუძველზე მოქმედებს. გაგრძელებული შეზღუდვები კი ძალაში 2015 წლის 14 სექტემბრამდე იქნება.
ერთმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგო კუბას მიმართ 1961 წლიდან მოქმედებს, – წერს უცხოური პრესა. 1996 წელს აშშ-ს კონგრესმა სანქციების გამკაცრების შესახებ კანონი მიიღო. კანონით შესაძლებელი გახდა უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკული საკუთრებისგან სარგებელს ნახულობდნენ, სარჩელის აღძვრა.
ობამას პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის მომენტიდან, 2009 წლიდან, აშშ-ს ხელისუფლება კუბის მიმართ კურსის შეცვლის და პოზიციის დარბილების შესახებ საუბრობდა.
2009 წლის აპრილში ვაშინგტონმა ამერიკელებს კუბაზე გამგზავრებაზე და ფულად გზავნილებზე რიგი შეზღუდვები გაუუქმა. გარდა ამისა, ამერიკულმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ამერიკული ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისთვის ნებართვების გაცემას კუბელებისთვის საკუთარი მომსახურების შეთავაზებაზე.
ამის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლებამ სავაჭრო ემბარგო ძალაში დატოვა. ამასთან, ვაშინგტონი ჰავანას პოლიტპატიმრების დაუყონებლივ და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლებისკენ და კუბელი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.