ნათელა იანქოშვილი – ქართული მხატვრობის საამაყო სახელი
დღეს შესრულდა 105 წელი გამოჩენილი მხატვრის ნათელა იანქოშვილის (1918-2007) დაბადებიდან. მან იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული და, საერთოდ, ხელოვნების ისტორიაში, რომ მისით დაინტერესება სულ უფრო მზარდი გახდება. რაც დრო გადის, მეტ სიღრმეს, სიახლეს და უნიკალურობას იპოვიან მის სურათებში, რადგან მათ გააჩნიათ მომნუსხველი ძალა, რომელიც თავის თავში დიდ საიდუმლოს იფარავს.
მისი არტისტული მონაგარი გახლავთ საუკუნეებში დაუნჯებული ეროვნული მხატვრული გამოცდილების ბუნებრივი გათავისების უიშვიათესი გამოვლენა. მათში გამოსჭვივის ქართული ესთეტიკური აზროვნების ყველაზე დიადი მიღწევების გამოძახილი, იანქოშვილის ფერსა თუ ხაზში უმალ საცნობია ფრესკული მხატვრობის, ჩვენებური პოლიფონიის, ბექა და ბეშქენ ოპიზარების ჭედურობის, შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის”, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, სანდრო ახმეტელის გენიალური ქმნილებების ექო. ეს ღრმა ესთეტიკურ საფუძველზე აღმოცენებული ხელოვნებაა, რომელიც ფერწერის ენაზე ახლებურ სიცოცხლეს იძენს ნათელა იანქოშვილის მიერ. ამ მხატვრის შეფასება საფუძვლიანი ცოდნისა და საგანგებო კვლევის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ამგვარი მიდგომით შეიძლება გაცხადდეს იანქოშვილის ჭეშმარიტი ღირებულება.
მასზე მომავალი კვლევა ამ რაკურსით უნდა წარიმართოს, რათა საჩინო გახდეს, თუ რას ემყარება მისი მხატვრული კოსმოსი, რომელიც არის ძალიან ქართული და თან ნებისმიერი ქვეყნის მნახველისთვის მიმზიდველი და ამაღელვებელი მოვლენა.
ნათელა იანქოშვილის ხელოვნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრად უკეთ გაიცნო მსოფლიომ, იგი გამოიფინა ევროპასა და ამერიკაში, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ცნობილ გამომცემლობებში დაიბეჭდა მისდმი მიძღვნილი ალბომი და მონოგრაფია.
ბოლოს კი, ყველაზე სასიამოვნო მის თავს ის ხდება, რომ ბრიტანელი არტკრიტიკოსი და მხატვარი ალექსანდერ ადამსი დაინტერესდა და ამჯერად წერს წიგნს იანქოშვილზე. ეს ავტორი დღეს ერთ-ერთ წარმატებულ მწერლად ითვლება თანამედროვე ბრიტანეთში. მან ბოლო წლებში ზედიზედ გამოსცა წიგნები დეგას, მაგრიტისა და დალის შესახებ „ხელოვნების ოსტატების” სერიაში, რომლებიც საყოვლთაოდ აღიარებულ სახელოვნებო გამომცემლობა “Prestel” -ში დაიბეჭდა.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან