„საქართველოს სინფონიეტა“ გდანსკში, „გოლდბერგის ფესტივალის“ ფარგლებში, ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ ზაფხულში „იმლინგის ფესტივალში“ (გერმანია) მონაწილეობდა და, გერმანიის ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მუსიკოსები ახალი საკონცერტო სეზონის გახსნისთვის ემზადებიან.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სინფონიეტა“ 1 სექტემბერს, გდანსკში „გოლდბერგის ფესტივალის“ ფარგლებში ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს.
„გოლდბერგის ფესტივალი“ 2006 წელს ქალაქ გდანსკში დაარსდა. ეს იყო 1727-1756 წლებში მცხოვრები, გდანსკში დაბადებული კლავესინისტისა და კომპოზიტორის, იოჰან გოთლიბ გოლდბერგის გარდაცვალებიდან 250 საიუბილეო წელი. გოლდბერგის სახელი, იოჰან სებასტიან ბახის (BWV 988) „გოლდბერგის ვარიაციების“ წყალობით შევიდა მუსიკის ისტორიაში, თუმცა გერმანელ კომპოზიტორს არაერთი საინტერესო ნაწარმოები აქვს შექმნილი, რომელთა უმრავლესობა, 300 წლის შემდეგ, პირველად სწორედ „გოლდბერგის ფესტივალზე“ შესრულდა. უკვე 17 წელია, რაც ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ ძველებური მუსიკის ანსამბლებსა და სოლისტებს აერთიანებს. „საქართველოს სინფონიეტას“ გარდა, წელს ფესტივალს სტუმრობენ ანსამბლები: კიოლნის აკადემია – KÖLNER AKADEMIE; პოლონეთის კამერული ფილარმონიული ორკესტრი – Sopot; Musica Fiata; ვოკალური ანსამბლი La Capella Ducale და სხვა.„გოლდბერგის ფესტივალი“, როგორც ადრეული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, სწრაფად შევიდა ევროპის კულტურული ღონისძიებების კალენდარში.
ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ალინა რატკოვსკა, რომელსაც ქართველი მსმენელი „თბილისის ბაროკო ფესტივალიდან“ უკვე კარგად იცნობს.
„საქართველოს სინფონიეტა“ „გოლდბერგის ფესტივალს“ 2014 და 2017 წლებში სტუმრობდა, წელს უკვე მესამედ ეწვევა და წარმოადგენს განახლებულ პროგრამას – „ძველებური ცეკვები“.
პროგრამა – „ძველებური ცეკვები“„საქართველოს სინფონიეტამ“ პირველად 2018 წელს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში შეასრულა, მას შემდეგ პროექტი, სხვადასხვა შემადგენლობით, როგორც საკონცერტო, ასევე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის სახით, არაერთხელ განხორციელდა. 2020 წელს კი კომპაქტ-დისკი ჩაიწერა და გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტი „ძველებური ცეკვები“ მოიცავს მე-17 და მე-18 საუკუნის საცეკვაო მუსიკას და ერთ მთლიან საორკესტრო სიუიტაში სხვადასხვა კომპოზიტორის ცეკვებსა და არიებს აერთიანებს.საორკესტრო სიუიტის ვერსიის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ქერელაშვილი გახლავთ.
პროექტი – „ძველებური ცეკვები“ წელს ევროპაშიც შესრულდა, კერძოდ ფინეთში: 22 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის მონასტერში, ხოლო 23 აპრილს ჰელსინკის საკონცერტო დარბაზში – Camerata Hall.
1 სექტემბერს კი გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალი“ უმასპინძლებს „საქართველოს სინფონიეტას“, რომელიც პოლონელი მსმენელებისთვის „ძველებურ ცეკვებს“ შეასრულებს და ამგვარად ქართული ბაროკოს ორკესტრი, თავის ახალ საკონცერტო სეზონს ევროპაში გახსნის“, – განაცხადა თეა მუქერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები