სიღნაღის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას – „იაპონიის თოჯინები“
სიღნაღის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას „იაპონიის თოჯინები“. გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, იაპონიის ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, იაპონიის ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოსთან იაპონიის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. იაპონური ხელოვნებისა და კულტურის უცხოეთისთვის გასაცნობად ფონდი განუწყვეტლივ ახორციელებს „მოგზაური გამოფენის“ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფონდის კოლექციის ნამუშევრებს და ყოველწლიურად მსოფლიოს დაახლოებით 80 მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში ტარდება. „მოგზაურ გამოფენებში“ წარმოდგენილია ნამუშევრები ხელოვნების 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის: თანამედროვე ხელოვნება, ხელნაკეთობა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი, მანგა და იაპონური თოჯინების კულტურა.
„NINGYŌ – იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ ძალიან პოპულარული „მოგზაური გამოფენაა“. თოჯინების კულტურა, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა, წარმოდგენილია კატაშიროდან და ამაგაცუდან ჩამოტანილი 67 რჩეული თოჯინათი, რომლებიც იაპონური თოჯინების არქეტიპებად ითვლება.
სიღნაღის მუზეუმს იაპონიის ფონდსა და იაპონიის საელჩოსთან ხუთწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. სწორედ აქ მოეწყო 2017 წელს იაპონიის თოჯინების „მოგზაური გამოფენა“. მას შემდეგ იაპონიის საელჩოს ინიციატივით გაიმართა იაპონელი ხელოვანისა და კალიგრაფისტის, აკემი ლუკასის, მხატვარ-ილუსტრატორ ტაკეჰიდე ჰარადას, დიპლომატისა და მოყვარული ფოტოგრაფის, იმანიში ტაკაოს, ნამუშევართა გამოფენები. გამოფენებთან ერთად, საელჩოს ორგანიზებით, ხორციელდებოდა საგანმანათლებლო პროგრამები და იმართებოდა სამუშაო შეხვედრები.
ექსპოზიციას მუზეუმი 17 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.