თეა წულუკიანი ოკინავის გუბერნატორს – დენი ტამაკის შეხვდა
იაპონიაში გრძელდება საქართველოს ვიცეპრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის სამუშაო ვიზიტი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კუნძულ ოკინავის გუბერნატორ დენი ტამაკისთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც ორ ქვეყანას შორის სპორტული და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში – თეიმურაზ ლეჟავა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოკინავური კარატეს ფედერაციის კიდევ მეტად განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ოკინავიდან სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. გუბერნატორმა მზაობა გამოთქვა, საქართველოში გამოგზავნოს ინსტრუქტორები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სპორტის ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც.
ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მიმდინარე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება და სამუშაო შეხვედრებს მართავს. საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. 30 აგვისტოს „ჯვაროსნები“ გადამწყვეტ მატჩში ვენესუელის გუნდს დაუპირისპირდებიან.