კვლევა: კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ევროპის სათხილამურო კურორტებს

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ევროპის სათხილამურო კურორტებს თოვლის ნაკლებობის გამო.

ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალის – Nature Climate Change-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, – წერს DPA.

აღნიშნულია, რომ ევროპული სათხილამურო კურორტების თითქმის ნახევარს ემუქრება თოვლის ნაკლებობის მაღალი რისკი, თუ გლობალური დათბობის შედეგად საშუალო ტემპერატურა ორი გრადუსით გაიზრდება.

ამავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დედამიწაზე დათბობის პირობებში ხელოვნური თოვლის მანქანები დანაკლისს მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურებენ.

ამ საუკუნეში სამი გრადუსით ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს იმას, რომ ევროპის სათხილამურო კურორტების 91% ზამთრის სპორტისთვის თოვლის ნაკლებობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ გლობალური დათბობა ოთხ გრადუსს მიაღწევს, თოვლის ნაკლებობა, კონტინენტზე თითქმის ყველა კურორტს შეეხება.

მეცნიერები წერენ, რომ თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევით ტემპერატურის აწევის მხოლოდ 1,5 გრადუსამდე შეკავება მოხერხდა, მაშინ თოვლის დეფიციტის წინაშე სათხილამურო კურორტების მხოლოდ 32% იქნება.

ევროპა პლანეტის სათხილამურო სპორტის მთავარი ცენტრია, სადაც მსოფლიოს ყველა სათხილამურო კურორტების დაახლოებით ნახევარი მდებარეობს.

კვლევა მოიცავდა ევროპის 2234 კურორტს 28 ქვეყანაში. კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდება ალპების კურორტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები