„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოკლული ჟურნალისტის საყვედური აშშ-ს (ვიდეო)

  აშშ-ში ტეროტრისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოკლულ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს ასობით ადამიანი სამგლოვიარო ცერემონიაზე დაემშვიდობა. როგორც უცხოური პრესა წერს, ცერემონია მაიამის ერთ-ერთ სინაგოგაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოტლოფი, რომელსაც ასევე ისრაელის მოქალაქეობა ჰქონდა, ბავშვობაში ამ სინაგოგასთან არსებულ სკოლაში დადიოდა. მისი დედა კი დღემდე ამ სკოლასი მასწავლებლად მუშაობს.
31 წლის ჟურნალისტთან, რომელსაც ამ კვირაში სირიაში თავი მოკვეთეს, დასამშვიდობებლად მისი მშობლები, და, მეგობრები, ცნობილი პოლიტიკოსები, მათ შორის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო და ასობით მოქალაქე მივიდა.
სოტლოფი ამერიკულ ჟურნალებთან „თაიმი“ და „ფორინ ფოლისი“ (Time, Foreign Policy) თანამშრომლობდა. ჟურნალისტი ლივიაში 2013 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. იმის შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თავი უნდა მოკვეთონ, დედამისმა შვილის გათავისუფლების თხოვნით ვიდეომიმართვა გაავრცელა.თუმცა ამაოდ.
2 სექტემბერს ტერორისტებმა სოტლოფის მოკვლის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს. მეორე დღეს თეთრმა სახლმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ინტერნეტში ასევე თავად ჟურნალისტის სტივენ სოტლოფის ვიდეომიმრთვა გავრცელდა, რომელიც მან თავის მოკვეთამდე გააკეთა. ჟურნალისტმა აშშ-ს ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ მათ ერაყის ტერიტორიიდან ჯარები არ გაიყვანეს.
„მე ვამაყობ ჩემი შვილით, რადგან ის საკუთარი იდეალების ერთგული იყო“, – თქვა ჟურნალისტის დედამ.
სამგლოვიარო ცერემონიაზე ასევე სოტლოფის რამდენიმე წერილი წაიკითხეს, რომლებიც მან ოჯახს ტყვეობაში ყოფნის დროს გაუგზავნა.
სტივენ სოტლოფი მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“-ს ტერორისტებმა თავი მოკვეთეს. დაჯგუფების პირველ მსხვერპლად ჟურნალისტი ჯეიმს ფოული გახდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3fMrbarfTbs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები