მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მესამედ მასპინძლობს.
გახსნის ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ბაჩო ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალი გაიხსნა ზაზა ხალვაშის ფილმით „ლოტო”, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივი პროექტია; მესტიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,რიჰომ” შეასრულა ქართული ტრადიციული სიმღერები.
23 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით მაყურებლები ნახავენ იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს; მთის ფილმების სექციაში ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.
ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო პრესა – კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან ჩამოსული ცნობილი კინოპორტალებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტები.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3QL4r2z