უკრაინაში სამხედრო გაწვევის განყოფილებებში კორუფციული სქემები გამოავლინეს – 200-ზე მეტ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

უკრაინის მასშტაბით სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის განყოფილებებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

სამართალდამცავმა უწყებებმა განყოფილებებში მასშტაბური კორუფციული სქემები გამოავლინეს და აწარმოებენ ჩხრეკას 200-ზე მეტ განყოფილებაში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ქვეყნის, თითქმის ყველა რეგიონში მასშტაბური კორუფციული სქემები გამოავლინეს. წინასწარი მონაცემები მოწმობს მათში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის; სამხედრო სამედიცინო კომისიების, ასევე, სამედიცინო და სოციალური ექსპერტების კომისიების, სავარაუდო ჩართულობაზე. ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში 200-ზე მეტი ჩხრეკა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, ჩხრეკა მიმდინარეობს, კერძოდ, ვინიცას, ჩერკასისა და კიევის რეგიონებში

საუბარია სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების გაცემაზე, სულ გამოვლენილია საქმესთან კავშირში 388 პირი.

“მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღება, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების ფაქტები, პირადი საქმეები და სხვა“, – აცხადებენ უწყებაში.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა რეგიონალური სამხედრო კომისარი გაათავისუფლა.

მისი თქმით, ”ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები