გია აბაშიძე: ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას შესაძლო მანიპულაციებზე ისაუბრა.

აბაშიძის თქმით, ელჩს დიპლომატიური ხაზები არაერთხელ გადაუკვეთავს. მისი განმარტებით, დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის დაძლევასა და ამომრჩეველთა ხმების დათვლაზე ცინიკურია იმ ფონზე, როცა თავად აშშ-ში პოლარიზაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ხოლო 2020 წლის არჩევნები ეუთო/ოდირმა ნეგატიურად შეაფასა.

“მოკლე კონტენტ-ანალიზი წარმავალი, დიპლომატიური ხაზებს მრავალჯერ გადაკვეთილი ელჩი კელი დეგნანის ინტერვიუდან:
“ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი”.
უხერხული და ცინიზმია აშშ-ის წარმომადგენლისგან საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე ნოტაციები, როცა მის ქვეყანაში დაპირისპირებამ, პოლარიზაციამ, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ უპრეცედენტოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
“ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი”.
რას ნიშნავს ამომრჩეველთა ხმების დათვლის უზრუნველყოფა? დეგნანი ცესკოს არ ენდობა თუ საარჩევნო პროცესებს, რომლებსაც ნეიტრალურმა საერთაშორისო შემფასელებმა არაერთგზის დადებითი შეფასება მისცეს?! ხმების დათვლის უზრუნველყოფა ცესკოს მეტ ობსტრუქციას და პოლიციელებთან უფრო მწვავე დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავს?
კვლაც უხერხული და ცინიზმია აშშ-ის ამ კონრეტული წარმომადგენლისგან ჩვენი ბიულეტენების დათვლაზე საუბარი, როცა მისი ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთო/ოდირმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა, ხოლო რიგმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პროცესს უწოდეს მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარესი.

ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას.“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები