მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვში დრონი ჩამოაგდეს, რომლის ფრაგმენტები “ექსპოცენტრის” რაიონში ჩამოვარდა.
მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად მნიშვნელოვანი ნგრევა და მსხვერპლი არ ფიქსირდება.
„ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, – დაწერა მან ტელეგრამში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დრონი, დაახლოებით 4 საათზე იყო ჩამოგდებული.
„საჰაერო თავდაცვის იარაღის ზემოქმედების შემდეგ, დრონმა ფრენის მიმართულება შეცვალა და არასაცხოვრებელ შენობაზე, მოსკოვის კრასნოპრესნენსკაიას სანაპიროზე ჩამოვარდა. მსხვერპლი და ხანძარი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ “ექსპოცენტრის” ერთ-ერთ პავილიონში ნგრევა დაფიქსირდა.
როსავიაციაში განაცხადეს, რომ დრონის იერიშის დროს მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, თუმცა ამ დროისთვის ფრენების შესრულება განახლდა.
ადრე მოსკოვში დრონების დაფიქსირებისას მუშაობას მხოლოდ ორი აეროპორტი წყვეტდა.