“ეს იყო შეცდომა” – ნატოს მაღალჩინოსანი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

ნატოს გენერალური მდივნის აპარატის უფროსმა, სტიან იენსენმა”შეცდომა” უწოდა საკუთარ სიტყვებს, რომელიც მან უკრაინის ალიანსში გაწევრიანების, შესაძლო სცენარზე საუბრისას თქვა.

კერძოდ, სტიან იენსენმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია ალიანსის წევრი გახდეს, თუ საკუთარი ტერიტორიის ნაწილზე უარს იტყვის, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

მის ამ სიტყვებს კიევში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. უკრაინაში განაცხადეს, რომ მსგავს სცენარს არა თუ განიხილავენ, მასზე საუბარიც დაუშვებელია.

როგორც უკვე დღეს, ნორვეგიულ პორტალ VG-თან გაკეთებულ კომენტარში სტიან იენსენმა თქვა, მისი განცხადება იყო “უკრაინაში შესაძლო სამომავლო სცენარების უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი და მე ამაზე, ასეთი ფორმით არ უნდა მესაუბრა”.

“ეს იყო შეცდომა”, – დასძინა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინდელი განცხადება დაზუსტებას საჭიროებს.

„და მე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ კი თქვენ უახლოვდებით წერტილს, სადაც შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმართვა – სამხედრო ვითარება ბრძოლის ველზე და ვინ რას აკონტროლებს, ცენტრალურ როლს შეასრულებს და აუცილებლად ექნება გადამწყვეტი გავლენის მომხდენი იმაზე, თუ როგორი იქნება ომის, შესაძლო შედეგი“, – თქვა იენსენმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭიროთ იმით, რაც მას სჭირდება“.

გარდა ამისა, სტოლტენბერგის აპარატის უფროსმა გაიხსენა კიევისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ შეთავაზების აუცილებლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მხრიდან 2014 და 2022 წლების გამეორება.

იენსენმა ცალკე ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებით იქნება მზად მოსკოვთან მოლაპარაკებების დასაწყებად და რაზე მოილაპარაკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები