ლიბიაში შეტაკებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის ცენტრმა გამოაცხადა.

ასევე, ცნობილია, რომ ტრიპოლიდან 134 ოჯახია ევაკუირებული.

ტელეკომპანია Al-Jazeera იტყობინება, რომ ერთიანობის მთავრობის ხელმძღვანელმა, აბდელჰამიდ დბეიბამ ქალაქში შეტაკებების შეწყვეტის განკარგულება გასცა, ასევე ნეიტრალური მხარისთვის 444-ე ბრიგადის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზას გადაცემაზე შეთანხმდა.

ჰამზა 14 აგვისტოს “შეკავების ძალების” მიერ იყო დაკავებული. ტრიპოლის სამხრეთის გარეუბანში შეტაკებები მისი დაკავების შემდეგ დაიწყო. რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტრიპოლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა.

ლიბიაში ორი მთავრობაა, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობენ.

პირველი – გაეროს მხარდაჭერით და აბდელჰამიდ დბეიბას ხელმძღვანელობით მოქმედებს ტრიპოლში.

მეორე, წარმომადგენელთა პალატის უფლებამოსილებით დაფუძნებულია სირტში, და ფათჰი ბაშაგის გადაყენების შემდეგ, მას დროებით ოსამა ჰამადი  ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები