ქეთევან დუმბაძე: იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც მწერალთა სახლში რაღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია – მწერალი და მისი შემოქმედება ჩემთვის უზენაესი ღირებულებაა
მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება. იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც იქ რაღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია, – ამის შესახებ მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა.
„მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება – მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე“, – განაცხადა დუმბაძემ და დასძინა, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრა და თანამშრომლობა სურს.
ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.