შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქის ვინაობა ცნობილია – ის მარტოხელა დედა სოფო ბაკურაძეა
შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ბაკურაძეა. ინფორმაციას ნათესავები ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, რომელიც შოვში, კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ განაცხადა, ისინი დნმ-ის პასუხს ელოდებოდნენ.
“იყო მარტოხელა დედა და ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში და დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს რომ წავიდა, იმის მერე არ გვინახავს, ვეძებდით ცხედარს. ეს დღეები ველოდებოდით დნმ-ის პასუხს, გუშინ მოვიყვანეთ სახლში და სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ სტრესი არ მიიღოს, მას ისევ სჯერა, რომ დედამისი კანფეტებზეა წასული და მალე მოუტანს”, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.