„ვერტმფრენებთან დაკავშირებული სპეკულაციები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც ჩვენ რეგულარულად გვესმის და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. უნდა გითხრათ, რომ ვერტმფრენების ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც იყო ამის საჭიროება და აუცილებლობა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ უარი თქვა დაანონსებული 3 ფრანგული ვერტმფრენის შესყიდვაზე, სიცრუეა.
ამასთან, ბერაია ამბობს, რომ ფრანგულ კომპანიისთვის შეკვეთილი ვერტმფრენები დამზადების პროცესშია.
„ვერტმფრენებთან დაკავშირებული სპეკულაციები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც ჩვენ რეგულარულად გვესმის და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ვერტმფრენების საკითხს მე ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი, კატასტროფის შემდეგ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია. უნდა გითხრათ, რომ ვერტმფრენების ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც იყო ამის საჭიროება და აუცილებლობა. ვერტმფრენების მომზადება ფრენისთვის მოხდა დაუყოვნებლივ, როგორც კი საჭიროება დადგა და როგორც კი მეტეოროლოგიური პირობებით შესაძლებელი გახდა ფრენის წარმოება და რისკებმა დაიწია. ეს რისკები სრულად არ იყო აღმოფხვრილი. ჩვენმა მამაცმა პილოტებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ ამ სამუშაოების განხორციელება. სწორედ ვერტმფრენების საშუალებით მოხერხდა სტიქიური უბედურების ზონიდან ადამიანების უსაფრთხოდ და უვნებლად გამოყვანა. პირველ დღეებში, როდესაც სახმელეთო გზით არ იყო წვდომა სტიქიური უბედურების ზონაში, სწორად ვერტმფრენებზე მოდიოდა დატვირთვა, რაც ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეფექტიანად შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანები.
მეორე საკითხი რაც უკავშირდება ვერტმფრენებს, არის ის, რომ თითქოს, საქართველომ უარი თქვა დაანონსებული 3 ფრანგული ვერტმფრენის შესყიდვაზე, რაც ასევე სრული სიცრუეა. უნდა ითქვას, რომ კონტრაქტი ფრანგულ კომპანიასთან დადებულია, სამი ვერტმფრენის შეძენაზე. ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერშია დადებული და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვერტმფრენის ყიდვა მარტივი და სწრაფი პროცედურა არ არის. ეს არ არის ავტომობილი. სალონში შეხვიდე, იყიდო და კონტეინერში ჩავტვირთოთ, რამდენიმე კვირაში კი გქონდეს დანიშნულების ადგილზე.
შეკვეთილი ვერტმფრენები დამზადების პროცესშია. ხელშეკრულების პირობების თანახმად, პირველი ვერტმფრენის მოწოდება ხელშეკრულების დადების დღიდან 17 თვის თავზე მოხდება, ხოლო მეორე და მესამე ვერტმფრენების – 18 და 19 თვის თავზე. ასე, რომ ვერტმფრენები მზადდება და ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე ეყოლება სამი ახალი ვერტმფრენი“, – განაცხადა ბერაიამ “ქრონიკასთან” საუბრისას.