“რა დგას ფრაზის – “ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს”, უკან” – რას ამბობს ჟურნალისტი სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაო პროცესებზე

“ძალიან დიდი ბოდიში ნატურალურობის გამო (ვეცდები, მცირე დოზით იყოს) და ბოდიში, თუ ამას აქ დაღუპულთა ახლობლები კითხულობენ, მაგრამ მგონი, საინტერესოცაა და აქტუალურიც, რა დგას ფრაზის “ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს” უკან, ანუ, რა პროცესია ეს”,- ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის რასაც პოსტში აღწერს მხოლოდ საკუთარი თვალებით ნანახს და იქ მყოფი მეგობრების ნაამბობს ეფუძნება.

“მუშაობა ადგილზე ხდება შემდეგი სქემით: სამ-ოთხმეტრიან ლამში მუშაობს ექსკავატორი, ციცხვით ფრთხილად აცლის ზედა ფენას, ჯგუფი ამ ამოტანილ ლამს ათვალიერებს, თუ რამე მიმანიშნებელია, რომ უფრო ქვემოთ შეიძლება ადამიანი/ცხედარი იყოს (ტანსაცმლის ფრაგმენტი, სათამაშო, სამკაულის, აქსესუარის, საათის ფრაგმენტი, რაიმე ისეთი ნივთი, რაც იმ ნივთებს შორისაა, რომლებსაც, როგორც წესი, თან ვატარებთ), ექსკავატორი ჩერდება, საქმეში ერთვებიან მაშველები უკვე ხელსაწყოებით და ფანრებით (მიწის ნაპრალებში, კოტეჯების კარკასის ფრაგმენტებში რომ ჩაანათონ).  თუ მიწის იმ მასაში არაფერი მსგავსი არაა, ციცხვი ისევ ერთვება საქმეში და ახალი მასა ამოაქვს. რა თქმა უნდა, ამ მასას უკვე დათვალიერებულ მხარეს ყრის, წინ წასასვლელ ადგილს იტოვებს. ამ ექსკავატორებს შორიდან რომ შეხედოთ, ლამში ჩაფლული გეგონებათ – ძლივს ჩანან (ფოტოზეა). უფრო მეტი ნატურალობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი, რომ “ცხედარი იპოვეს”, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იპოვეს ცხედარი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს, ზოგჯერ ძებნის ადგილას ადამიანის სხეულის ისეთი ფრაგმენტი ამოაქვთ, რომლითაც არათუ იდენტიფიცირება, სქესის დადგენაც კი შეუძლებელია.

ვინმეს რომ არ ეგონოს, ცხედრებს ექსკავატორის ციცხვი ანაწევრებს ამოყვანისას, აქვე ვიტყვი, რომ ამის შანსი მცირეა – იმ ადამიანთა ცხედრები, ვინც ღვარცოფის უშუალო დარტყმის ქვეშ მოჰყვნენ, უშუალოდ სტიქიის დროს არიან დანაწევრებული, ტანსაცმელშემოფლეთილი და ა.შ. (ბოდიში კიდევ ერთხელ, ნატურალურად აღწერის დოზის გამო) – ამის დამადასტურებელ ფოტოს, უბრალოდ, არ დავურთავ.

დავუბრუნდეთ ექსკავატორს: თითოეული ციცხვი მიწა დიდი სიფრთხილით ამოაქვთ და იქვე, ექსკავატორის ბორტზე მყოფი ერთი მაშველი (არა მძღოლი) ამ მიწას გულდასმით აკვირდება (ფოტოზეა), ჩხრიკავს და თუ ადამიანზე მიმანიშნებელი არაფერია, ციცხვით იყრება გვერდით, მერე ხდება ციცხვის ჩაფლობის ბოლო წერტილის დათვალიერება-დამუშავება, რის შემდეგაც ექსკავატორი ისევ აგრძელებს მუშაობას ან ჩერდება – გააჩნია რა ხდება მიწის მასაში.

ახლა წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით ექსკავატორი მუშაობს ამ რეჟიმში (ესეც ფოტოზე ჩანს), წარმოიდგინეთ, რამდენი დრო და დაკვირვება სჭირდება ამ პროცესს, ვიმეორებ, სამი-ოთხი მეტრის მიწის (ლამის) მასის ასე დეტალურად ჩხრეკა-დათვალიერებას. და მასშტაბებსაც წარმოიდგენთ.  რაც აღვწერე, მხოლოდ საკუთარი თვალებით ნანახს და ჩემი იქ მყოფი მეგობრების ნაამბობს ეფუძნება, ხოლო იმას, რაც მიამბეს გუშინ და გუშინწინ, ადასტურებს მათი გადაღებული ფოტოებიც და ოფიციოზის მიერ გამოქვეყნებული ფოტოგალერეაც დღეს, რამდენიმე საათის წინ.  და სხვათა შორის კი, ღამითაც მუშაობენ სპეცგანათებით, როტაცია-ჩანაცვლების პრინციპით.

ვინმე აუცილებლად იკითხავს – რატომ არ გვაქვს ხელსაწყოები, რომლებსაც, ვთქვათ, გამნაღმველი ან ოქრომძებნი მეტალოდეტექტორის მსგავსად, სიგნალის გამოსცემა შეუძლიათ ლაფში ჩაფლულ ცხედრებზე? ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლეგიტიმური შეკითხვაა, თუმცა, ვფიქრობ, ამ ხელსაწყოებსაც შეზღუდული ექნება შესაძლებლობა უკვე გაციებული, ორიდან ოთხ მეტრამდე ჩაფლული ცხედრების მოსაძებნად – ზუსტად ვერ ვიტყვი, არ მქონია დრო, ეს საკითხი დეტალურად შემესწავლა, ვინმეს თუ აქვს შესწავლილი, ჩემი კედელი ყველასთვის ღიაა, არამეგობრებისთვისაც – კომენტარებში დაწერეთ ან ჩაყარეთ ლინკები, ფოტოები.

მსოფლიო პრაქტიკა ნგრევისას ნანგრევების, ღვარცოფ-მეწყრისას კი მიწის მასის ფრთხილ შესწავლას და ხელით, პატარა ნიჩბებით გამოთავისუფლებას იცნობს, მით უმეტეს, თუ ცოცხალი ადამიანის პოვნას ცდილობ, ჩვენს შემთხვევაში კი, მეექვსე დღეს, ეს პრაქტიკულად, სასწაულის ტოლფასია, რომლის მოხდენასაც ყველანი ვნატრობთ და ნეტა მართლა მოხდეს… და ბოლოს: ძებნა-შველის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება..”,- წერს ბერულავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები